მთავარი

 

”სააფთიაქო ნარკომანია”

სააფთიაქო ნარკომანია“ არის ქიმიური დამოკიდებულება ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამედიცინო პრეპარატებზე. იმის გათვალისწინებით, რომ აფთიაქში შესაძლებელია ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი პრეპარატების ფართო სპექტრის შეძენა, სააფთიაქო ნარკომანიას ვერ მივაკუთვნებთ დამოკიდებულების რომელიმე განსაზღვრულ კლასს - მაგ., ოპიოიდური დამოკიდებულება, ფსიქოსტიმულატორებზე დამოკიდებულება და სხვ. სააფთიაქო პრეპარატების არასამედიცინო მიზნით მომხმარებელთა უმრავლესობა ამ პრეპარატებს ამატებს არალეგალურ ბაზარზე შეძენილ ნარკოტიკებს. საქართველოში გავრცელებულია ფსიქოტროპული მედიკამენტებისა და აფთიაქებში შეძენილი მედიკამენტებისგან კუსტარულად დამზადებული საინექციო ნარკოტიკების მოხმარება.

არალეგალურ ბაზარზე „კლასიკური ნარკოტიკების“ ძნელად ხელმისაწვდომობისა და ფასის მომატების კვალდაკვალ, 2009 წლიდან, საქართველოში მკვეთრად გაიზარდა კუსტარულად დამზადებული ინექციური ნარკოტიკული საშუალებების დეზომორფინისა („კრაკადილი“) და ამფეტამინების („ვინტი“, „ჯეფი“) მოხმარება. მათი დამზადებისათვის საჭირო კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების შეძენა ადვილად შესაძლებელი იყო ავტორიზებულ აფთიაქებში. სტატისტიკის თანახმად, გასულ წლებში კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების იმპორტირებული რაოდენობის აბსოლუტური უმეტესობა (მაგ. 2013 წელს 99%) ურეცეპტოდ იყო რეალიზებული, 2013 წელს, I ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (პირველ ჯგუფს განეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება) ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ოდენობა განისაზღვრა 6 000 ლარით, ხოლო განმეორებით ჩადენილი ქმედების შემთხვევაში - 12 000 ლარით. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას და ჯარიმების ოდენობის მნიშვნელოვან ზრდას შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, მოზარდები ნარკოგამოცდილებას პირველად კუსტარული, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ყველაზე საშიში ნარკოტიკით, დეზომორფინით იღებდნენ. აღნიშნული საგანგაშო ვითარება ითხოვდა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას.


ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო
, რომელიც შეიქმნა 2011 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის პრობლემაზე მუშაობის წამყვანი საკოორდინაციო მექანიზმია. 

საბჭოს მთავარი ფუნქციაა უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში. საბჭოს კოორდინაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს. 




No comments:

Post a Comment